ინტერვიუ იაპონური ჟურნალიდან

„ოთხი ძალა“ იქმნება გონებისა და სხეულის ჰარმონიაში მყოფობით. ადამიანს, რომელსაც შეუძლია, გონება მუცლისკენ მიმართოს, შეუძლია მზესავით გაბრწყინდეს.

შეკითხვა: თქვენ აღნიშნეთ, რომ სიმპატეტიკური ნერვული სისტემა, რომელიც როგორც წესი, არაკონტროლირებედია, შეიძლება ვმართოთ სუნთქვითი ვარჯიშებით. გთხოვთ, უფრო დაწვრილებით გვესაუბრეთ ამის შესახებ.

იუკიო ნიშიდა: სანამ სიმპატეტიკური ნერვული სისტემის მართვაზე დავიწყებთ საუბარს, კარგი იქნება ადამიანის ტვინზე ვისაუბრებთ. ადამიანის ტვინი შედგება ქერქისგან, ტვინის ლიმბური სისტემისგან და ტვინის ღეროსგან (პრიმიტიული ტვინი). თავის ტვინის ქერქი მართავს ქცევის ადაპტაციის პროცესებს და ყველაფერს, რასაც ადამიანების დამახასიათებელ ქცევას ვუწოდებთ, ხოლო ლიმბური სისტემა მართავს ადამიანის ინსტინქტურ ქცევას. თავის ტვინის ღერო მართავს სისხლის მიმოქცევას, სუნთქვას და ყველა იმ პროცესს, რაც აუცილებელია ადამიანის სიცოცხლისათვის. თავის ტვინის ქერქი დიდი ხნის მანძილზე ყალიბდებოდა. მოცემულ პროცესში პირველად უკანა ტვინი გამოეყო ზურგის ტვინს და წარმოიშვა ტვინის ღერო და ლიმბური სისტემა. ამგვარად, ადამიანი, მაღალგანვითარებული ტვინის წყალობით, ცოცხალი სამყაროს მეფედ იქცა. კარატეში, ჩვენ პატარა ტვინს (ნათხემს) ვავარჯიშებთ.

შეკითხვა: თუ დავეუფლებით მეთოდებს, რომელთა დახმარებითაც შევძლებთ ავტონომიური ნერვული სისტემის მართვას, შესაძლებელია, რომ დაავადების სიმპტომები გაქრეს, ანუ ადამიანი განიკურნოს?

იუკიო ნიშიდა: სუნთქვის, მომნელებელი და სისხლის მიმოქცევის სისტემები მიეკუთვნება ავტონომიურ ნერვულ სისტემას, თუმცა ამათგან მხოლოდ სუნთქვის მართვაა შესაძლებელი საკუთარი სურვილისამებრ. ამგვარად, ავტონომიური ნერვული სისტემის მართვის გასაღები სწორედ მუცლით სუნთქვაშია. სუნთქვითი ვარჯიშებით ჩვენ ვზემოქმედებთ დიდი ტვინის ქერქზე, რითაც ვახდენთ ნერვული წნულების სტიმულაციას. ამ მეთოდის გამოყენებით სხეული და გონება ჰარმონიაში მოგვყავს.

შეკითხვა: რა არის მზის ნერვული წნული?

იუკიო ნიშიდა: ეს არის სხეულის ნაწილი, რომელიც მდებარეობს დიაფრაგმის უკან. იგი წააგავს მზის სხივებს, რომლებიც ყველა მიმართულებით ვრცელდება. მუცლით სუნთქვისას – როდესაც მუცელი ადი-ჩადის – დიაფრაგმა ააქტიურებს მზის ნერვულ წნულს. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მზის წნული არ არის მცირე ტვინი. თუმცა, ჩემის ღრმა რწმენით, ნერვული კვანძი, რომელიც მოიცავს მზის ნერვულ წნულს, წარმოადგენს მცირე ტვინის ნაწილს. „სანჩინ“ კატა, რომელსაც ჩვენ სუნთქვით ვარჯიშს ვუწოდებთ, ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება ითქვას, რომ ეს პატარა, მაგრამ ფასდაუდებელი საიდუმლოა. მაგალითად, როდესაც ემოციები, როგორიცაა სიხარული ან სიბრაზე, წარმოიშვება, სტრეს-ფაქტორები წარმოიშვება ავტონომიურ ნერვულ სისტემაში. როდესაც ვდარდობთ, მადა გვეკარგება; როდესაც ვბრაზობთ, შეიძლება ფიზიკურად არც ვაქტიურობდეთ, ჩვენი სხეული თავისებურად პასუხობს ამ გრძნობას. ჩვენ ამ მოვლენებს დიდი ტვინით ვერ ვაკონტროლებთ. ასეთ შემთხვევებში სუნთქვითი ვარჯიშებით მზის ნერვული წნულის სტიმულაციით ვახდენთ ავტონომიური ნერვული სისტემის ფუნქციების ნორმალიზებას და ემოციაც სტაბილიზდება. ეს უკუკავშირი მცირე ტვინის მოქმედებით მიიღწევა. აღმოსავლეთში ცოდნა და პრაქტიკა ორი ათას წელზე მეტია, რაც არსებობს და დღეს იგი მუცლის ვარჯიშების საფუძველს წარმოადგენს. „ჰარას“ (მუცლის) კულტურა გვხვდება გონებისა და იდეის კონცეფციაში. უამრავი იაპონური გამოთქმა არსებობს, რომლებშიც გამოყენებულია „ჰარას“ კონცეფცია. მაგალითად, „არავის ჰარა არ არის დაკმაყოფილებული“, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანს აქვს სიმამაცე, არის კეთილგონიერი, დაფიქრებული.

შეკითხვა: შეიძლება ითქვას, რომ კარატე ძალიან ღრმაა. კარატეს შესწავლას მთელი ცხოვრება სჭირდება, ასე არ არის?

იუკიო ნიშიდა: დიახ, მართალს ბრძანებთ. ზოგადად, ბუდოს არსი „თვითდაცვაა“, რაც თხოულობს გონებისა და სხეულის უამღლეს დონეზე მართვას. სუნთქვის ტექნიკა ამ მეთოდის ნაწილია, რომლის ათვისებასაც და პრაქტიკულად განხორციელებას ძალიან დიდი დრო სჭირდება. ამჟამად კიოკუშინ კარატეს ეუფლებიან ახალგაზრდები, რომლებიც თავის წარმოჩენას ტურნირებზე ცდილობენ. თუმცა, ჩვენი მოვალეობაა, დავანახოთ საზოგადოებას, რომ კარატეს სხვა ასპექტიც არსებობს. თუ ჩვენ შევძლებთ დავანახოთ ადამიანებს ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების რეალური ღირებულება, შუა ხნის მამაკაცების რიცხვი დოჯოში გაიზრდება, რადგან „ჯანმრთელობა“ და „თვითდაცვა“ შეიძლება, გახდეს მთელი მათი ცხოვრების მიზანი.

და ბოლოს, მინდა ჩვენი საუბარი ჩემი საყვარელი სიტყვებით დავამთავრო. „სუნთქვის ჰარმონიზაციით მუცელი მზედ იქცევა. მზის ნერვი, სინათლის ბრწყინვალება, გონებისა და სხეულის ჰარმონია წარმოადგენს ოთხ ძალას. სწორედ ასე იქმნება ჰარმონია მზე-ადამიანი“.

ეს სიტყვები ეკუთვნის სუნთქვითი ვარჯიშების ოსტატს  ფუჯიტა რეისაის და მათი მნიშვნელობა ასეთია: ჩვენ შეგვიძლია გონებისა და სხეულის ჰარმონიაში მოყვანა მზის ნერვების გავარჯიშებით მუცლით სუნთქვით, რა შემთხვევაშიც ცოცხლდება ოთხი ძალა: ჯანმრთელობა, სიმამაცე, სიბრძნე და სამართლიანობა და ჩვენი სიცოცხლე მზესავით ბრწყინდება. როდესაც ამ სიტყვებს წარმოვთქვამ, სხეულში ყოველთვის ვგრძნობ ენერგიის მოზღვავებას.

Comments are closed.