კარატე

თანამედროვე იაპონური კარატე სინამდვილეში მოვიდა რიუკიუს არქიპელაგის უდიდესი კუნძულ ოკინავადან, რომელიც მდებარეობს სავაჭრო გზების გზაჯვარედინზე, კიუშიუდან 500 კმ-ზე, ტაივანიდან 600 კმ-ზე და სამხრეთ ჩინეთის სანაპიროდან 800 კმ-ზე.

იაპონიიდან, ჩინეთიდან და კორეიდან ძალიან ბევრი ლტოლვილი ეძებდა რიუკიუს კუნძულებზე ხსნას პოლიტიკური დევნისაგან. XII საუკუნეში, როდესაც მინამოტოს ჯარებთან, უკანასკნელ ბრძოლაში დარბეული ტაირის სამურაების რაზმები უწესრიგოდ მიდიოდნენ სამხრეთისაკენ, ბევრი გადავიდა ოკინავაზე და გააცნო ადგილობრივ მცხოვრებთ სამხედრო ხელოვნება. რიუკიუს პირველი მეფე შიუნტენი (XIII ს.) დიდ ყურადღებს აქცევდა სამხედრო საქმეს. მის დროს აქტიურად შენდებოდა კოშკები და სიმაგრეები, იზრდებოდა მამულები, მიმდინარეობდა ჯარისკაცთა სწავლება. ოკინავას მოსახლეობა, რომელსაც ეთნიკურად იაპონელებისაკენ ჰქონდა მიდრეკილება და იაპონური ენის რიუკიუს კილოკავზე ლაპარაკობდა, მრავალი საუკუნის განმავლობაში იცავდა თავისი პატარა სახელმწიფოს დამოუკიდებლობას, მაგრამ 1372 წელს რიუკიუს მეფე საცუდომ აღიარა ჩინეთის ქვეშემდოვრობა და მასზე დამოკიდებულება. მინის იმპერატორმა ოკინავაზე გააგზავნა მისი სრულუფლებიანი წარმომადგენელი დიდი ამალით. დროთა განმავლობაში სამოქალაქო წარმომადგენელი შეიცვალა სამხედროთი. 1372 წლის აქტის ხელმოწერისთანავე, კუნძულის დედაქალაქ ნახუში ჩამოვიდა ჩინელ კოლონისტთა საგანგებო მისია, რომელსაც დავალებული ჰქონდა ადგილობრივ მცხოვრებლებში გაევრცელებინა სხვადასხვა ხელობათა ცოდნა. 1392 წლიდან ჩინეთის კოლონია დაფუძნდა ნახის გარეუბანში კუმემურა, შემდეგ კი ქალაქებში შიურიში და ტომარიში. თუმცა ჩინეთის სათვისტომო განცალკევებით ცხოვრობდა, სწორედ იქიდან გამოჟონა ხალხში ცნობებმა კემპოს შესახებ. თანამედროვე კარატეს ტერმინთა უმეტესობა ძველი ჩინურისგან წარმოდგება. რა თქმა უნდა, ჩინეთის დამსახურება კემპოს დანერგვაში არ უნდა გადავაჭარბოთ, რადგან XIV საუკუნიდან ოკინავას კარატე ვითარდებოდა თავისი გზით და შექმნა მრავალი ახალი, თავისებური ფორმა, სტილი, მიმართულება. სამწუხაროდ, XVIII საუკუნემდე წერილობით წყაროებში არ შემორჩენილა ცნობები ოკინავას კარატეს შესახებ. ცნობილია მხოლოდ, რომ ის არსებობდა.

1429 წელს მეფე შიო ჰა-შიმ საბოლოოდ გააერთიანა თავის მმართველობაში ოკინავას სამი ოლქი – ჰოკუ-ძანი (ჩრდილოეთი მთა), ნან-ძანი (სამხრეთი მთა) და ტიუ-ძანი (შუა მთა). ჰა-შის სურდა აღეკვეთა აჯანყების მცდელობები და განემტკიცებინა ცენტრალური ხელისუფლება, და ამიტომ აუკრძალა იარაღის ტარება ყველას (კინ-ბუ), სამეფო რაზმისა და უმაღლესი ფეოდალების გარდა. ხალხი სრულიად დაუცველი აღმოჩნდა მოხელეებისა და ჯარისკაცების თვითნებობისაგან კუნძულის ტყიან მთებში. ამ ღონისძიებებმა მრავალი გლეხი აიძულა ხსნა კემპოში ეძება, რათა იარაღისათვის ნებისყოფა, სულის სიმტკიცე და ფოლადის ჯავშანად ქცეული ნავარჯიშევი კუნთები დაეპირისპირებინა.

XVII საუკუნის დასაწყისმა ოკინავას ხალხი მკაცრი გამოცდის წინაშე დააყენა. მას შემდეგ, რაც რიუკიუს სამეფომ უარი თქვა კორეაში ტოიოტომი ჰიდეიოშის შეჭრის მხარდაჭერაზე (1592 და 1597-1598 წწ.), იაპონიას მიეცა არქიპელაგზე თავდასხმის ფორმალური მიზეზი. შიოგუნატი ტოკუგავას ცენტრალიზებული მმართველობის დამყარების შემდეგ, პატარა სამეფოს ბედი გადაწყვეტილი იყო. თავდასხმა განახორციელა შიმაძუს კლანის სამი ათასმა სამურაიმ ასი ხომალდით. კუნძულის უიარაღო მოსახლეობა თითქმის არ უწევდა წინააღმდეგობას, ხოლო ნაჰის გარნიზონის პატარა რაზმი, შია მეიას მეთაურობით, დაშოშმინებული იქნა იაპონური მუშკეტების ცეცხლით. ოკინავა გახდა იაპონიის იმპერიის პროტექტორატი; მოსახლეობას დაეკისრა გადასახადები და ის განიცდიდა სასტიკ ჩაგვრას.

კარგად შეიარაღებული არმიისათვის წინააღმდეგობის გაწევა გლეხებს არ შეეძლოთ, მაგრამ რამოდენიმე გათავხედებული მოძალადის ერთობლივად მოგერიებისათვის, კემპოს ორი-სამი ოსტატიც საკმარისი იყო. ოკინავას მოსახლეობამ დაიწყო საიდუმლო საზოგადოებებში გაერთიანება და სოფლებსა და დაბებში თავდაცვის კავშირების შექმნა. მაგრამ კემპოს გავრცელების ცენტრები მაინც დიდი ქალაქები იყო.

რიუკიუს კუნძულებზე კემპოს მაშინ უბრალოდ ეწოდებოდა ოკინავა-ტე (ტე იაპონურად არის „ხელი“), ე.ი. „ოკინავას ხელჩართული ბრძოლა“ ან ტო-ტე („ჯადოსნური ხელი“). თვით ოკინავაზე ტე-ს სტილები განსხვავებული იყო ქალაქების მიხედვით. მთელი XVII საუკუნის განმავლობაში ტე-ს სკოლები მოქმედებდა ძალიან გასაიდუმლოებუ-ლად. ყველა მოსწავლე სისხლზე დებდა ფიცს, რომ შეინახავდა საიდუმლოს.

ოკინაველებს სამურაებთან გამკლავება ძალიან უჭირდათ, ვინაიდან ისინი თავიანთი საქმის უბადლო ოსტატები იყვნენ. საჭირო იყო მათზე გამარჯვების მცირე შანსის სრულად გამოყენება. მაშინ გამოჩნდა მოწოდება „ერთი დარტყმით დაგდება“ (იკენ ჰისაცუ). წლების განმავლობაში გულმოდგინე ვარჯიშების შედეგად ხელები და ფეხები იქცეოდა საშინელი დამანგრეველი ძალის მქონე იარაღად. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ხელებისა და ფეხების გამოწრთობას, რადგან ჯავშნისა და სამურაის მუზარადის გაპობა, მხოლოდ ჭეშმარიტად ფოლადივით ძლიერ ხელს თუ შეეძლო.

მომზადებისას, ძირითადად გამოიყენებოდა ძველი ჩინური მეთოდები, თუმცა მათ ბევრი ახალიც დაემატა. მაგალითად, თითების გასამაგრებლად მოსწავლე ვედროში ყრიდა ლობიოს და გულმოდგინედ, დღეში რამდენიმე ათასჯერ თხრიდა ამ ვედროში მოკუმულ და გაშლილ თითებს, სანამ ფრჩხილებიდან სისხლი არ წასკდებოდა. მას, ტკივილის მიუხედავად, უნდა გაეგრძელებინა ვარჯიშები კვირაობით და თვეეობით, სანამ თითების დაბოლოებანი არ დაკარგავდა მგრძნობიარობას და რქოვანი არ გახდებოდა. ამასთან ერთად უნდა გაზრდილიყო დარტყმის ძალაც, რათა საბოლოოდ ძირამდე ჩაეხვრიტა ლობიოს მთელი სისქე. ზუსტად ასეთივე მოქმედებები მეორდებოდა ქვიშით, წვრილი კენჭებით, ხრეშით, ზოგჯერ ტყვიის ბურთულებითაც კი. რამდენიმე წლის გულმოდგინე ვარჯიშების შემდეგ ძნელი არ იყო „ხელი-შუბის“ (კან-სიუ) დარტყმით ცხენის მუცლის ამ ხარის გვერდის გახვრეტა და შიგნეულობის ამოღება.

მუშტი იწრთობა ჯერ უბრალო მაკივარაზე – ოკინავაში გამოგონებულ ჩალის მჭიდროდ გადახვეულ ძნაზე. მაკივარა მაგრდებოდა დრეკად ჯოხზე ან ფიცარზე და გამოიყენებოდა დარტყმების სიზუსტის დასამუშავებლად, აგრეთვე ხელებისა და ფეხების გასაძლიერებლად. ჩალიდან ისევ გადადიოდნენ ლობიოზე, შემდეგ წვრილ კენჭებზე, ხრეშზე და ბოლოს გავარვარებულ რკინაზე. სასურველი იყო აგრეთვე მუშტების ჩაყოფა მონაცვლეობით მდუღარე და ყინულივით ცივ წყალში. ბუნებაში მაკივარას როლს ასრულებლდა ნორჩი ხეები, რომლებიც იდრიკებოდა დარტყმის დროს. დაახლოებით ასევე იწრთვნებოდა ფეხებიც და ნაწილობრივ თავიც. ბოლო წლების მონაცემებით ფეხის დარტყმის ძალა 1 ტონაზე მეტია. შესაძლებელია, რომ ძველი ოსტატები, რომლებიც მთელ ცხოვრებას ვარჯიშში ატარებდნენ, მეტსაც აღწევდნენ. კიდურების წრთობა ერთდროულად ემსახურებოდა სწორ, ზუსტ და კონცენტრირებულ დარტყმის დაყენებას. აქედან იწყებს დამკვიდრებას, ციუან-შუში და თანამედროვე კარატეში, ტამეში-ვარი –  მყარი საგნების დამტვრევის ცდები. ცნობილია, რომ XVIII საუკუნის შუა წლებში, ვინმე საკუგავა აკატელიდან, რომელმაც რამდენიმე წელი გაატარა ჩინეთში, სადაც ვარჯიშობდა შაოლინის ციუან-შუს, აგრეთვე ბო-ჯიუცუს, დაბრუნდა სამშობლოში და ქალაქ შიურიში დააარსა კარატე-ნო საკუგავას კერძო სკოლა. ეს იყო სკოლის სახელწოდებაში სიტყვა „კარატეს“ გამოყენების პირველი შემთხვევა. მაგრამ არსებობს სხვა გადმოცემაც, სადაც ნათქვამია, XVI საუკუნის ბოლო წლებში, სოფელ ტიატანის მცხოვრების, დაუმარცხებელი მებრძოლის – იარას შესახებ. სოფლის მამასახლისის შვილი იარა ჯერ კიდევ მოზარდი გაგზავნეს ჩინეთში, სადაც გულმოდგინედ სწავლობდა ციუან-შუს, („შინაგანი მიმართულების“ სკოლები ცინ-ი და ცი-გუნი). ოკინავაზე დაბრუნების შემდეგ, მან გახსნა ტეს პატარა სკოლა და შთამომავლობას მემკვიდრეობად დაუტოვა შესანიშნავი ვარჯიშების ნაკრები კვერთხითა და სამკაპით – ტიატან იარა ბო-კატა და ტიატან იარა ცაი-კატა.

XX საუკუნემდე სიტყვა კარატე იწერებოდა ორი იეროგლიფით: კარა სიტყვასიტყვით ნიშნავს „ტანის დინასტიის მმართველობის დროინდელი ჩინეთი“, მაგრამ  ზოგჯერ გამოიყენება უფრო ფართო გაგებით – „დიდი ჩინეთის“ ცნების გადმოსაცემად, და ტე  – „ხელი“. სიტყვა ტე ადრეც გამოიყენებოდა „ხელჩართული ბრძოლის“ მნიშვნელობით. არსებობს მეორე ვერსიაც. IV საუკუნეში იაპონელებმა დაიპყრეს კორეის ნახევარკუნძულის უკიდურესი სამხრეთი, სადაც წარმოიქმნა პატარა დომინიონი მიმანა (ფეოდალური სამთავრო კარაკი), რომელიც შემდეგ შთანთქა დიდმა სახელმწიფოებმა პეკჩემ და სილამ. სახელწოდება „კარაკ“ მოგვიანებით, სამთავროს დაშლის შემდეგაც, ხშირად იხსენიებოდა კორეაში და თან ერთვოდა კორეულ საქონელს, რომელიც უხვად შედიოდა იაპონიის კუნძულებზე და დიდადაც ფასობდა. ითვლება, რომ სიტყვა „კარა“, რომელიც ჟღერადობით ჰგავს სიტყვა „კარაკს“, შეიძლება უკავშირდებოდეს კორეული კემპოს რომელიმე სახეობას. მაგრამ აშკარაა, რომ ამგვარი დასკვნა მცდარია. ჯერ ერთი, ზედსართავი სახელი „კარაკ“ ხმარებიდან ამოვარდა არა უგვიანეს VII-VIII საუკუნეებისა, როდესაც იაპონიაში, ჯერ კიდევ არ არსებობდა, არც სამურაის ცნება და არც კლასიკური ბუ-ჯიუცუ. მეორე, თვით იაპონელებს, წინა ასწლეულამდე წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ სიტყვა „კარატეზე“, რადგან იგი ჩაისახა ოკინავაზე, ხოლო ოკინავას ადრეულ ისტორიას, ცოტა რამ აქვს საერთო იაპონიის ისტორიასთან. ე.ი კარა ნიშნავდა „ჩინეთს“. XX საუკუნეში, თანამედროვე სპორტული კარატეს მამამთავარმა გიჩინ ფუნაკოშიმ, სიტყვა კარას ძველი იეროგლიფი („ჩინეთი“) შეცვალა ახალი იეროგლიფით („სიცარიელის“ ან „ცის“ მნიშვნელობით), მან ახალი ტერმინი შესანიშნავად შეარჩია.  ამის შესახებ გიჩინ ფუნაკოში თავის „დარიგებები კარატეში“ წერდა: „ტრადიციულად წარსულში მე თვითონ ვიყენებდი იეროგლიფს „კარა“ („ჩინეთი“), მაგრამ იმის გამო, რომ ხალხი ერთმანეთში ურევდა კარატეს და ჩინური კემპოს, აგრეთვე იმის გამოც, რომ ოკინავას საბრძოლო ხელოვნებები, ახლა შეიძლება საერთო-იაპონურად ჩაითვალოს, მცდარი და რაღაცნაირად დამამცირებელიც კი იქნებოდა გაგვეგრძელებინა კარატეს სახელწოდებაში იეროგლიფის „ჩინეთი“ გამოყენება; და ამიტომ, მრავალი წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ უარი ვთქვით ძველ იეროგლიფზე და შევცვალეთ იგი ახლით – „სიცარიელით“. ამასთან ერთად, იგივე გზით გასწორდა კატას ბევრი, ფორმალური ვარჯიშების კრებულთა სახელწოდებები, რომლებიც უკავშირდება ჩინელი ოსტატების სახელებს“.

მიუხედავად ამისა, ოკინავას კარატეს ფესვები აშკარად იღებს სათავეს ჩინეთის კონტინენტური კემპოს წიაღში.

Comments are closed.