გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“ / 22.04.2011

სეიბუკაი – საბრძოლო ხელოვნებაზე დაფუძნებული ცხოვრების წესი,
ანუ როგორ წაართვეს ბავშვები ქუჩას

სეიბუკაი კიოკუშინ კარატეს საერთაშორისო ბუდო ორგანიზაციის ოფიციალურ წარმომადგენელთან საქართველოში, გოჩა კაკაბაძესთან საუბარი გაოცებით დაიწყო – ჩემი გაოცებით, და ერთგვარი კმაყოფილებითაც კი, რისი მიზეზი რესპოდენტის პასუხი იყო შეკითხვაზე – რამ განაპირობა თქვენი დაინტერესება აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნების ამ სახეობით? – კინო ფილმი „ლედი კარატე“ იყო გარდატეხის ის მომენტი, რომელმაც მე და ჩემი ძმა კახაბერი კარატესკენ შემოგვაბრუნა. თავიდან ორივემ გატაცებით დავიწყეთ ვარჯიში, ოღონდ კახაბერი, ჩემგან განსხვავებით, სულ სხვა ფანატიზმით ვარჯიშობდა. შეიძლება ითქვას, ის შეყვარებული იყო კარატეზე, მთელი დღე და ხანდახან გვიან ღამემდეც კი ვარჯიშობდა.

 „ლედი კარატე“ ღია ეთერში საბჭოთა კავშირში პირველად საქართველოს ტელერადიოკომიტეტმა გადასცა. ეს მაშინ, როცა კარატე, როგორც სპორტის სახეობა, მხოლოდ შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების სისტემებში დახურულ კარს მიღმა იყო ახლადდაშვებული. საჯარო ჩვენებაზე ოცნებაც არ შეიძლებოდა.

ჰოდა, იმ ფილმის ჩვენეულ დემონსტრირებას რაღაც კარგი საქმე გაუკეთებია – აფხაზეთში, გუდაუთაში მცხოვრები ბიჭები დაუინტერესებია.

ახლა ეს ბიჭები, მოწიფული ადამიანები, სხვა ბიჭებსა და გოგოებს წვრთნიან: ქუჩას, ნარკოტიკებსა და სხვა მავნე ჩვევებს რომ ჩამოვაცილოთ და ცხოვრების ჯანსაღ წესს ვაზიაროთო, – ამბობს ბატონი გოჩა.

დიდებული საქმეა!

კმაყოფილება რატომ ვახსენე? იმიტომ, რომ მადლივით ქვაზე დადებული  გზაზე დამხვდა მრავალი წლის შემდეგ: იმ პერიოდში საქტელერადიოკომიტეტის თავმჯდომარეობა მქონდა დაკისრებული.

წინა კვირის ორშაბათს სატელევიზიო პროექტ „ნიჭიერში“ იაპონური საბრძოლო ხელოვნებისა და ქართული ცეკვის ილეთების ორგანული შერწყმით შექმნილი შესანიშნავი, დინამიური სანახაობის მოწმე გახდა მაყურებელი, რა ვქნა, უნდა გავიმეორო, პირველად საქართველოში!

ამ, ერთგვარი „კულტურათა დიალოგის“ სათავეების ძებნამ მიმიყვანა ბატონ გოჩა კაკაბაძესთან, რომელიც იმ დღეს თბილისის #53 საჯარო სკოლაში ავარჯიშებდა პატარა კარატისტებს.

კარატეში ვარჯიში გოჩა და კახაბერ კაკაბაძეებს სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადამინებთან მოუწიათ, მათ შორის, – თემურ რურუასთან და გურამ ბარაბაძესთან.

- მე უფრო კახაბერის ხათრით და მისი დახმარებით დავრჩი კარატეში.

შემდეგ კი იყო აფხაზეთის ომი, რომელშიც გოჩა მონაწილეობდა, იყო ტყვეობა, შევიწროება, გაჭირვება, დევნილობა, სასტუმრო „ივერია“…

კახა „ივერიაში“ სრულიად უსასყიდლოდ ყოველდღე ავარჯიშებდა 1500-ზე მეტ ბავშვს. ხანდახან ვარჯიშები სპორტის სასახლეშიც ტარდებოდა. მსურველი იმდენი იყო, რომ დახმარება მთხოვა. ვინაიდან ყოველდღე 50-60 ახალი ბავშვი მოდიოდა, მოხდა ისე, რომ ჩემმა დახმარებამ სისტემატური ხასიათი მიი­ღო და ეს მოთხოვნილებად გადამექცა. შემდგომ, მშობლების ერთი დიდი ჯგუფის თხოვნით, ვარკეთილშიც გავხსენით სექცია, რომელსაც მე ჩავუდექი სათავეში. 1995 წლის თებერვალში პირველი ვარჯიში ჩავატარეთ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვიწოდებოდით „წმინდა გიორგის ჯგუფი – ივერია“ და „წმინდა გიორგის ჯგუფი – ვარკეთილი“. 1996 წლიდან კი ვარკეთილის ჯგუფი თეთრი გიორგის სახელობისაა.

2002 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს კიოკუშინ კარატეს ფედერაცია, რომელიც 2005 წლიდან გაწევრიანდა სეიბუკაი კიოკუშინ კარატეს საერთაშორისო ორგანიზაციაში.

თუ კარატეს უძღვნი შენს ცხოვრებას, მასწავლებელი თვითონ გიპოვისო. ეს აღმოსავლური აქსიომა ამ შემთხვევაშიც დადასტურდა: გოჩა კაკაბაძე მიემგზავრება იაპონიაში და თავის მასწავლებელთან, იუკიო ნიშიდასთან -  სეიბუკაის პრეზიდენტთან გადის სწავლებისა და ვარჯიშის ინდივიდუალურ კურსს, რის შემდგომ მას ეძლევა უფლება, იყოს მისი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და შეასწავლოს ყველა მსურველს სეიბუკაი კიოკუშინ კარატეს საბრძოლო ხელოვნება.

კარატემ საქართველოს სეიბუკაის ორგანიზაციაში გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა. ბუდიზმის კონცეფცია ამ ორგანიზაციის პრაქტიკიდან სრულადაა ამოღებული. სავალდებულო არ არის, მაგალითად, ისეთი რიტუალების შესრულება, როგორიცაა დარბაზის თაყვანისცემა, ფიცი ვარჯიშის წინ და დამთავრების შემდეგ და სხვ.

ერთის მხრივ, მისი მთავარი ფილოსოფია – სიმაგრისა და სირბილის ურთიერთთანხმობითი და არა ურთიერთწინააღმდეგობრივი არსებობა – უცვლელი დარჩა, მაგრამ:

რაც შეეხება სულიერ აღზრდას, იგი მთლიანად მართლმადიდებლობას დაეფუძნა. ბავშვები მიგვყავს ტაძარში, სადაც აბარებენ აღსარებას, იღებენ ზიარებას, მოძღვარი მათ ასწავლის ქრისტეს მცნებებს, წმინდანთა ცხოვრებას, ქრისტიანული ცხოვრების წესს და ა.შ.

ეს დაედო საფუძვლად მოსწავლის ეტიკეტს, რომელიც სავალდებულოა ყველა მოვარჯიშისთვის.

იყო ერთი მომენტი, როცა ორ ცეცხლს შუა აღმოვჩნდით. ჩვენი ორგანიზაცია უწმინდესისა და უნეტარესის მიერ იყო კურთხეული და სახელად გვერქვა „ჯგუფი წმინდა გიორგი“, მაშასადამე, ჩვენი რწმენა მართლმადიდებლობას ეფუძნებოდა. მეორე მხარეს, იუკიო ნიშიდას მოთხოვნები იყო, რაზეც აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნება იდგა. საკმაოდ წინააღმდეგობრივია ამ უკიდურესობათა თანაარსებობა. მაგრამ ჩემი მასწავლებელი იაპონიიდან რომ ჩამოვიდა, შეხვდა პატრიარქს, ესაუბრა და აუხსნა მას, რომ ჩვენ არ გვექნებოდა რელიგიური შეზღუდვები, ადამიანის თავისუფლებათა ერთ-ერთი ფუძემდებლური დებულება სრულად იქნებოდა დაცული,  და, მადლობა ღმერთს, მოგვეცა კურთხევა, გაგვეგრძელებინა მუშაობა იმ პრინციპით, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ.

იმთავითვე, უწმინდესის ზრუნვით ვიყავით მოსილი, – ამბობს გოჩა კაკაბაძე, – ძნელბედობის წლებში ბავშვებს პროდუქტებით ეხმარებოდა, არც სხვა სიკეთეს გვაკლებდა. როცა გვაკურთხა, ბრძანა: დღეიდან თქვენ იწოდებით საპატრიარქოსთან არსებულ ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური აღზრდის სკოლად „წმინდა გიორგი“. ეს იყო 1993 წელს. ძალიან ხშირად, საკვირაო წირვის შემდეგ, სიონის ტაძრის უკანა ეზოში, პატრიარქს ვაჩვენებდით ჩვენს მიღწევებს, იმ საბრძოლო ხელოვნების რთულ ილეთებს, რომელსაც ბავშვები ეუფლებოდნენ.

ამჟამად ჩვენი ორგანიზაციის სულიერი მოძღვარი არის ვაკის წმინდა სამების ტაძრის წინამძღვარი – მამა დანიელი (ლობჟანიძე), რომელიც ვარჯიშობს კიდეც, როცა დროს გამონახავს. არის შავი ქამრის მფლობელი და ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი.

სიტყვამ მოიტანა და აქვე ვთქვათ, რომ საქართველოს სეიბუკაი კიოკუშინ კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი გოჩა კაკაბაძეა, ხოლო ვიცეპრეზიდენტი, მამა დანიელის გარდა არის ბატონი კახაბერ კაკაბაძე.

„წმინდა გიორგი“, „გორგასალი“, „აღმაშენებელი“, „დიდგორი“, „თეთნულდი“, „ივერია“, „ვაკე“, „აია“ „საბურთალო“, „სიონი“, „თავდადებული“, „იალმაგი“, „ავაზა“, „ბათუმი“, „ათინათი“, „თეთრი გიორგი“ – ეს იმ კლუბების არასრული ჩამონათვალია, რომელთაც დღეისთვის საქართველოს სეიბუკაი კიოკუშინ კარატეს ფედერაცია აერთიანებს (www.seibukai.ge).

- თქვენი ბიჭების გამოსვლით პროექტ „ნიჭიერში“ მოიხიბლა ქართული საზოგადოებრიობა. როგორ დაგებადათ აზრი კარატესა და ქართული ცეკვის შერწყმის?

- სრულიად შემთხვევით. მე და კახაბერი ბავშვობიდან ვცეკვავდით, ლაურიატებიც კი ვიყავით თავის დროზე.

ესე იგი, ცეკვის ნიჭი და ხალისი ძმებში უკვე იდო.

- ფიზიკური ვარჯიში მუსიკის თანხლებით კარატეში მიღებული მეთოდია.

აქ მოკლე გადახვევის უფლებას მივცემ საკუთარ თავს. იაპონიაში მუსიკით გატაცება საყოველთაო მოვლენაა. ეს ცნობილია. მაგრამ, როცა ამ სტრიქონების ავტორს და მის მეგობრებს იაპონურ ეროვნულ რესტორანში შესაწვავად (სტუმრები თვითონ წვავენ კერძს მაგიდებში ჩამონტაჟებულ სპეციალურ ღუმელზე) ახალი ხორცი მოგვიტანეს ქონისა და მჭლე ხორცის იდეალურად ჩანაცვლებული ფენებით, აგვიხსნეს კიდეც, რომ სხვა მეთოდებთან ერთად ასეთ შედეგს ფერმებში მუსიკალური ფონის შექმნით აღწევენ. ასე რომ, ქართულ კინოკომედიაში „უდიპლომო სასიძო“ ბრიყვი ზოოტექნიკოსის მიერ ორკესტრის მუსიკალური თანხლების წყალობით ცხოველების პროდუქტიულობის გაზრდის „ექსპერიმენტი“, ანუ, როგორც თვითონ ამბობს – „მუსიკის როლი პირუტყვის ზრდის დაჩქარებაში“, არც ისე გასამასხარავებელი ყოფილა.

 „- ეს ჩვენი ნიკოლოზი ან ნამეტანი ჭკვიანია, ან ნამეტანს აფრენს…“

ეს ისე, გასამხიარულებლად.

გოჩა კაკაბაძის ნათქვამს დავუბრუნდეთ:

- ჰოდა, როცა ერთხელ, ვარჯიშის დროს ქართული ცეკვის მელოდია ჩავრთეთ, ვნახეთ, რომ საოცრად დაემთხვა ჩვენი ჰანგის რიტმი იაპონური კარატეს რიტმს. ერთი ხანობა ასე ვვარჯიშობდით, შემდეგ თბილისობაზე გავიტანეთ საჩვენებელი ვარჯიში, ოღონდ მუსიკის თანხლების გარეშე. 1999 თუ 2000 წელს, ზუსტად ვერ გეტყვით, ფილარმონიაში მოგვიწია გამოსვლა. მაშინ კახას დაებადა იდეა, ჩვენი ვარჯიში სანახაობად წარმოედგინა. შემდეგ თანდათან დავხვეწეთ, დაბოლოს ისეთი სახე მიიღო, როგორიც ნახეთ.

ჩვენს ფედერაციაში ყველას გვაქვს საქმე განაწილებული. საჩვენებელ გამოსვლებზე პასუხისმგებელი და ორიენტირებული კახაბერ კაკაბაძეა.

- ელოდით, რომ ასეთი წარმატება გექნებოდათ?

- ჩვენი თვითმიზანი არაა, რომ ამ გამოსვლით და გამარჯვებით მხოლოდ ჩვენ მოგვემატოს მოსწავლეთა რაოდენობა. ჩვენი უმთავრესი მიზანი არის, ქუჩას წავართვათ ბავშვები, რათა შემდგომ განაწილდნენ სხვადასხვა სექციებში, რომლებიც ასე მრავლად არის საქართველოში.

- კარატეს ერთ-ერთი ფუძემდებლური დებულებაა, არ გამოიყენო შენი ცოდნა და ძალა სუსტის წინააღმდეგ, არ იყო წამომწყები დაპირისპირების, იყავ მზად  მხოლოდ თავდასხმის მოსაგერიებლად.

- ჩვენთანაც ასეა, მაგრამ რაღაცა მაინც შევცვალეთ. მთლიანად თავდაცვაზე არ ვართ ორიენტირებული. „სანამ არ დამარტყამენ, არ დავარტყამ“ ყოველთვის გამართლებული არ არის. თუ საჭიროა, უნდა დაასწრო კიდეც. თუ ადამიანი საფრთხეშია, შენ კი ელოდები, როდის დაგარტყამენ და შემდეგ მიეშველები, ალოგიკური და გაუგებარია. შენ თვითონ არ უნდა იყო წამომწყები ჩხუბის და დავიდარაბის. მაგრამ, თუ ჩხუბისა და უბედურების ვინმესთვის თავიდან ასაცილებლად დარტყმაა საჭირო, უნდა დაარტყა. ოღონდ ბოროტად არ უნდა გამოიყენო შენი საბრძოლო ხელოვნება და სუსტი არ უნდა დაჩაგრო.

ბევრი ადამიანი სწავლობს კარატეს, მაგრამ მხოლოდ ერთეულები თუ ეზიარებიან ამ საბრძოლო ხელოვნებას სრულად, ვინაიდან ეს იარაღი არ უნდა მიეცეს მოუმზადებელ ადამიანს. მომზადება კი, უწინარეს ყოვლისა, მორალური მდგრადობაა.

მხოლოდ მას შემდეგ, როცა დარწმუნდებიან, რომ ბოროტად არ გამოიყენებენ ცოდნას, მასწავლებლები აზიარებენ კარატეს საიდუმლობას მოსწავლეებს. მანამდე კი ვარჯიშია ჯანმრთელობის გასაკაჟებლად და სულიერი მხნეობის ჩამოსაყალიბებლად.

არმაზ სანებლიძე

Comments are closed.