დამაარსებელი

მასუტაცუ ოიამა დაიბადა 1923 წლის 27 ივლისს, გარდაიცვალა, 1994 წლის 26 აპრილს.

მასუტაცუ ოიამა იყო კორეული წარმოშობის იაპონელი, რომელმაც შექმნა კიოკუშინ კარატე – იყო და დარჩა იაპონელი ერის სულისა და ურყევი ძალის განსახიერება.

მასუტაცუ ოიამა ეთაყვანებოდა სამურაის ნათელ იდეალებს. მან დაწერა კარატესადმი მიძღვნილი ათობით წიგნი და ნარკვევი. მისი მონაწილეობით გადაღებულია რამდენიმე დოკუმენტური ფილმი, რომლებმაც დიდად გაუთქვა სახელი კიოკუშინ კარატეს მსოფლიოში. მის ცხოვრებაზე გადაღებულია მხატვრული ფილმები.

მასუტაცუ ოიამა ჭეშმარიტად მსოფლიო გაქანების ადამიანი იყო. ფილოსოფოსი, რომანტიკოსი, რომელმაც ღრმად შეიცნო ადამიანის დარდი და ტკივილი. მან განვლო მძიმე და ხიფათიანი ცხოვრება, მაგრამ მიაღწია იმას, რომ გახდა საბრძოლო ხელოვნების უდიდესი ოსტატი და ყველაზე ძლიერი ადამიანი მსოფლიოში.

მასუტაცუ ოიამა იყო მაღალი იდეალებისა და სპეტაკი ზნეობის ადამიანი, მუდამ ისწრაფოდა წინანდელზე უკეთესი გამხდარიყო. იგი დარჩება, როგორც XX საუკუნის სამურაი, XVII საუკუნის, საარაკო სამურაის მიამოტო მუსაშის მსგავსად.

მასუტაცუ ოიამა, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ერთ-ერთ მიმართვაში, თავის მოსწავლეებს სწერდა: „ძილზე მეტი ივარჯიშეთ და ადრე თუ გვიან მიაღწევთ იმას, რაც მიუღწევლად ითვლებოდა“.

მასუტაცუ ოიამა ამბობდა: „კარატე მისი ცხოვრებაა, კიოკუშინი კი პირმშო“. დღეს მისი შექმნილი კიოკუშინ კარატეს სტილი კვლავინდებურად რჩება, გამოყენებითი მნიშვნელობის, საბრძოლო ხელოვნების, ყველაზე მკაცრ, ვაჟკაცურ სახეობად.

Comments are closed.