დოჯოს ეტიკეტი

დოჯო არის საბრძოლო ხელოვნების სავარჯიშო ადგილი (დარბაზი).

საქართველოს კიოკუშინის ფედერაციის წევრი, რომელიც ვარჯიშობს, მიუხედავად ასაკისა, არის მოსწავლე.

  • მოსწავლე ყველგან და ყოველთვის უნდა იყოს ყურადღებიანი, თავაზიანი და გამოირჩეოდეს კარგი ქცევის მანერებით. მაღალი ხარისხის ქამრის ფლობა (განსაკუთრებით შავი ქამარი) არ აძლევს უფლებას მოიქცეს უცერემონიოდ, მედიდურად, ან თავხედურად.
  • მოსწავლე ვალდებულია პატივისცემით მოეპყრას ყველას, განსაკუთრებით მათ, ვისაც მასზე მაღალი ხარისხის ქამარი აქვს, ან ასაკით უფროსია.
  • მოსწავლემ მისალმებისას, მიმართვისას, ან საუბრის დამთავრებისას უნდა დახაროს თავი და თქვას „ოსს!“. ეს რიტუალი შესასრულებელია არ მხოლოდ დოჯოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, ვინაიდან მოსწალე ყოველთვის უნდა იყოს თავაზიანი.
  • აკრძალულია მასწავლებელს მიმართოს სახელით, შენობით ან კიდევ სხვა ფორმით (მასწ. მასწავლებელო და ა.შ.). აუცილებლობის შემთხვევაში მასწავლებელს უნდა მიმართოს სემპაი, სენსეი ან შიხან.
  • მოსწავლემ ხელის ჩამორთმევისას უნდა გამოიყენოს ორივე ხელი და თქვას „ოსს!“. აღნიშნული რიტუალი გამოიყენება დოჯოს გარეთაც, განსაკუთრებით უფროსების მიმართ.
  • მოსწავლე დოჯოში შესვლისას და გამოსვლისას, ყოველთვის უნდა დადგეს სახით დოჯოსკენ, თავი დახაროს  და თქვას „ოსს!“.
  • მოსწავლე ვარჯიშზე დაგვიანებისას, ზურგშექცევით უნდა დადგეს მუხლებზე (სეიზა), დახუჭოს თვალები (მოკუსო) და დაელოდოს მასწავლებლის ნებართვას (ჰაიტე კუდასაი), რის შემდეგ უნდა მოუბოდიშოს მასწავლებელს, წარმოთქვას იაპონურად – „შიცურეი შიმასუ“, შემდეგ – „ოსს!“ და შეურთდეს მოვარჯიშეებს უკანა რიგიდან.
  • დოჯოში ნებისმიერი გადაადგილება (რომელიმე პოზიციაში დადგომა, რიგებად მოწყობა და სხვ.) ხდება სწრაფი ნაბიჯებით. აკრძალულია სასეირნო ნაბიჯებით გადაადგილება.
  • მოსწავლემ უნდა ივარჯიშოს მთელი მონდომებით, საჭიროა დაუყოვნებლივი რეაგირება მასწავლებლის, ან უფროსი მოსწავლის ბრძანება-მითითებებზე, რითაც ხმამაღლა პასუხობს სიტყვა – „ოსს!“.
  • ვარჯიშის დროს მასწავლებლის ნებართვის გარეშე არ შეიძლება ლაპარაკი. საჭიროა ყურადღებით მოსმენა მასწავლებლის მითითებებს და მისი ნებართვის გარეშე არ მოიმოქმედოს არაფერი. არასდროს შეეწინააღმდეგოს მასწავლებლის მითითებებს. ასეთი დამჯერებლური ურთიერთობა განავითარებს ნდობას მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის, რომელიც აუმჯობესებს ურთიერთგაგებას, აადვილებს და ასწრაფებს სწავლის პროცესს.
  • ვარჯიშის დროს, ნებართვის გარეშე, არ შეიძლება დოგის (კიმონო) არცერთი ნაწილის გახდა.
  • დოგი (კიმონო) ყოველთვის უნდა იყოს სუფთად გარეცხილ-დაუთოებული და აკურატული ნებისმიერ დროს.
  • სხეული ყოველ ვარჯიშზე უნდა იყოს სუფთა და დაბანილი, ფეხებზე და ხელებზე ფრჩხილები მოჭრილი.
  • ვარჯიშის დროს აკრძალულია რაიმე სახის სამკაულის ტარება (ყელსაბამი, სამაჯურები, ბეჭდები, საყურეები და სხვ.).
  • ტრადიციულად, დოჯო არის საპატიო ადგილი, სადაც არ შეიძლება ყოფნა ქუდით, ფეხსაცმლით, აგრეთვე უხეში ლაპარაკი და გინება. აკრძალულია ჭამა, საღეჭი რეზინის ღეჭვა, მოწევა, ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა.
  • მოსწავლე ვალდებულია იზრუნოს დოჯოს სისუფთავეზე, დაიცვას წესრიგი, ამიტომ ყველამ ვარჯიშის შემდეგ უნდა დაალაგოს თავისი ადგილი.
  • მოსწავლე ვალდებულია ღირსეულად მოიქცეს, არ მხოლოდ კარატეს დოჯოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
  • მასწავლებლის ნებართვის გარეშე დაუშვებელია დოჯოში უცხო ადამიანების მოწვევა.
  • მოსწავლე ვალდებულია მეგობრული იყოს ყველას, განსაკუთრებით კი თანამოვარჯიშეების მიმართ, არ დაამახინჯოს კიოკუშინ კარატეს სახე, თავისი არასპორტული და არაკეთილსინდისიერი საქციელით.
  • მოსწავლეს ეკრძალება უდიერად და დამცირებით ილაპარაკოს ნებისმიერი სხვა კარატეს სკოლის, ან სხვა სტილის საბრძოლო ხელოვნების შესახებ.
  • მოსწავლეს, რომელსაც აქვთ სურვილი დაესწროს კიოკუშინ კარატეს, ან სხვა სახეობის კარატეს სკოლის ვარჯიშებს, ან შეჯიბრებებს, აუცილებელია აიღოს ნებართვა თავის ინსტრუქტორისგან.
  • მოსწავლე, რომელიც ვარჯიშობს კიოკუშინ  კარატეს სხვა სკოლაში და აქვს სურვილი ივარჯიშოს კიოკუშინ კარატეს სკოლაში, აუცილებელად უნდა წარმოადგინოს ყოფილი ფედერაციის ან სენსეის წერილობითი ნებართვა-რეკომენდაცია.
  • მოსწავლემ არ უნდა გამოიყენოს კარატეს ილეთები, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, როდესაც მას, მის ახლობელს, ან ვინმე სხვა ადამიანს ემუქრება რეალური საშიშროება.
  • მოსწავლე უნდა იყოს უბრალო, გაწონასწორებული, ჯანსაღი აზროვნებით და საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებელი.
  • მოსწავლემ პირველ რიგში უნდა ისწავლოს საკუთარი შიშის და სიზარმაცის დამარცხება. გამარჯვება საკუთარ თავზე – ეს არის პირველი და უმთავრესი გამარჯვება კარატეში.
  • თუ მოსწავლე ვერ პოულობს საკუთარ თავში თვისებას, გამოხატოს პატივისცემა და ნდობა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც არ ზოგავს საკუთარ დროს და ენერგიას, რათა მას შეასწავლოს საბრძოლო ხელოვნება, მაშინ უმჯობესია მან დატოვოს დოჯო, რადგან მისგან ვერ დადგება საბრძოლო ხელოვნების ოსტატი.
  • კიოკუშინ კარატეს მთავარი მიზანია სრულყოფილება საკუთარი ნებისყოფისა და ხასიათისა.

Comments are closed.