გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ / 28.09.2011

იაპონიის ქართველი ჩემპიონი

უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა, 14 აგვისტოს, იაპონიის ქალაქ ჰირაცუკაში – პირველად კარატეს ისტორიაში იუნიორთა შორის იაპონიის ჩემპიონი არაიაპონელი გახდა; ქართველთა სასახელოდ, ეს ჩვენი თანამემამულე – ლაშა ოზბეთელაშვილი გახლავთ.

ჰირაცუკაში იაპონიის ჩემპიონობას 18 წლამდე ასაკის კარატისტები ედავებოდნენ ერთმანეთს, თუმცა ხელი მოეცარათ, რადგან ჩემპიონის ტიტული აბსოლიტურ წონით კატეგორიაში და ამავე დროს ჩემპიონობის გარდამავალი თასი, რომლითაც საუკეთესო მებრძოლი ჯილდოვდება 17 წლის ქიზიყელმა ახალგაზრდამ – ლაშა ოზბეთელაშვილმა იგდო ხელთ და შანსი არ დაუტოვა იაპონელ თანატოლებს.

ეს პირველი შემთხვევაა იაპონიის ჩემპიონატის ისტორიაში, როდესაც ჩემპიონობა და ისტორიული ქალაქის მიერ საუკეთესოს მებრძოლის ტიტულისათვის დაწესებული გარდამავალი თასი იუნიორთა შორის უცხოელმა დაისაკუთრა.

ჩვენმა თანამემამულეებმა არაფერი დაიშურეს, რომ მიეღოთ მონაწილეობა იაპონიის ჩემპიონატში, რითაც ერთგვარი სოლიდარობა გამოუცხადეს იაპონელ ხალხს, რომელიც რამდენიმე ძლიერი სტიქიური მოვლენის ეპიცენტრში აღმოჩნდა და საგრძნობლად დაზარლდა. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ჩემპიონატის ორგანიზატორებმა სწორედ ლაშა ოზბეთელაშვილს მიაკუთვნეს საუკეთესო მებრძოლის ტიტული, რომელმაც გამოავლინა რა შესაშური ბრძოლისუნარიანობა, ოთხივე ორთაბრძოლა დამაჯერებლად, საგრძნობი უპირატესობით მოიგო და გახდა პირველი არაიაპონელი ჩემპიონი. რა იცოდნენ აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნების სამშობლოში, რომ ლაშა ოზბეთელაშვილი გენეტიკურადაა მებრძოლი და რომ მისი წინაპრები ქიზიყელთა იმ მოდგმას ეკუთვნოდნენ, სამშობლოს საზღვრებს კბილებით რომ იცავდნენ. სამაგიეროდ, ეს შესანიშნავად მოეხსენებოდათ ლაშას მწვრთნელებს და აღმზრდელებს, სეიბუკაი კიოკუშინ კარატეს ფედერაციის ხელმძღვანელებს, ძმებს გოჩა და კახაბერ კაკაბაძეებს, რომლებმაც შეძლეს და ლაშას საუკეთესო თვისებებს სწორი მიმართულება მისცეს. შედეგმაც არ დააყოვნა – მათი აღზრდილი საუეკთესოა საუეკეთესოებს შორის.

უკვე წლებია ძმები კაკაბაძეები, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, უდიდეს საქმეს არიან შეჭიდებულნი, – ისინი ჯანსაღ თაობას უზრდიან სამშობლოს. მათი აღზრდილები რაინდული ბუნებით და პატრიოტული სულისკვეთებით არიან გამორჩეულნი და მისდევენ რა ჯანსაღი ცხოვრების წესს, საუეკთესო მაგალითს წარმოადგენენ თანატოლებისთვის. მათ რამდენიმე თაობა გამოსტაცეს ქუჩას და გადაარჩინეს მისი უარყოფითი ზემოქმედებისგან.

ჩვენ ვმოქმედებთ წმ. სერაფიმე საროველის პრინციპით – „გადაირჩინე საკუთარი თავი და შენს ირგვლივ ათასები გადარჩებიან“ – აცხადებს ბატონი გოჩა თან დასძენს: „აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს და ძმათა შორის ატეხილ უაზრო კინკლაობას იმავე აფხაზების ხელით გადარჩენილნი, ახლა სხვათა სულის გადარჩენით ვართ დაკავებულნი და დევნილი ბავშვების ნამვდვილ ქართველ ვაჟკაცებად, ღირსეულ მოქალაქეებად აღზრდას და მათ პატრიოტებად ჩამოყალიბებას ვემსახურებით. ზოგი მშობელი ფიქრობს, რომ იცავს შვილს, თუკი მას ძალისმიერი სპორტის სახეობას აარიდებს, მაგრამ ცნობილი ფაქტია, – ვინც ჩხუბი იცის, ის პრაქტიკულად არც უწევს ჩხუბი. როცა ძლიერი ხარ, იოპად ვერაფერს გაგიბედავენ და გაკადრებენ, ვერც შენ, ვერც შენს ოჯახს და ვერც შენს ქვეყანას“.

ამავეს გვიდასტურებს მათი მოსწავლე ლაშა ოზბეთელაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ გოჩა და კახაბერ კაკაბაძეები უდიდესი პიროვნებები არიან, რომლებიც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მომავალი თაობის, სასახელო მამულიშვილებლად აღზრდის კეთილშობილურ საქმეს პირნათლად ემსახურებიან. მისი სიტყვების დამადასტურებლად ისიც გაიხსენა, რომ როცა იაპონიაში გასამგზავრებელი ხარჯებისთვის მშობლების მიერ ბანკიდან აღებული სესხი არასაკმარისი აღმოჩნდა, უშუალოდ გოჩა და კახაბერ კაკაბაძეების მიერ ნასესხები ფულით და თანაგუნდელთა მიერ მცირე შემოწირულობებით მოხერხდა მისი იაპონიაში გამგზავრება. როგორც უკვე მოგახსენეთ, შედეგმაც არ დააყოვნა და ქართულმა გენმა კიდევ ერთხელ იზეიმა ფართო ასპარეზზე – ლაშამ სამუდამოდ ჩაწერა თავისი სახელი იმ უძველესი ისტორიული ქალაქის მატიანეში, რომელიც ტოკიოს, კიოტოს და კამაკურას გზაგასაყარზე მდებარეობს; ცნობისთვის, – ეს ქალაქები სხვადასხვა დროს იაპონიის დედაქალაქად ითვლებოდნენ. სწორედ ამ გზაგასაყარზე გადაწყდა ქიზიყელი ბიჭის ბედი – მან სამუდამოდ დაუკავშირა თავისი ცხოვრება ამ საბრძოლო ხელოვნებას დაუკავშირა და ახლა უკვე პირველი მსოფლიო ჩემპიონატისკენ აიღო გეზი, რომელიც ამა წლის 3-4 დეკემბერს ჩატარდება რუსეთის დედაქალაქში. იმედია ამჯერად მაინც გამოიჩენენ კეთილ ნებას და დაუდგებიან გვერდით პერსპექტიულ და ნიჭიერ ახალგაზრდას.

ქეთი ჯაყელი

P.S. წერილი დასაბეჭდად მზად იყო, როდესაც მშვიდობის აღსანიშნავ საერთაშორისო დღესასწაულზე, რომლის ინიციატორები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველო – დევნილთა მხარდაჭერისათივის“ (თავმჯდომარე დალილა ხორავა) და მშვიდობის მსოფლიო ფედერაცია (თავმჯდომარე ვიტალი მაქსიმოვი), ლაშა ოზბეთელაშვილს გადაეცა მშვიდობის ახალგაზრდა ელჩის საპატიო დიპლომი და ფასიანი საჩუქარი.

Comments are closed.