სტატია 1

კარატეჩემი ცხოვრების საბრძოლო ხელოვნება

შემდგომ ექვს სტატიაში მე მოგითხრობთ სეიბუკაი კიოკუშინ კარატეს სკოლის შესახებ, მის ილეთებსა და ვარჯიშის თეორიულ პრინციპებზე (სიტყვასიტყვით კიოკუშინ ნიშნავს უკიდურესი ჭეშმარიტება, სეიბუკაი – სამართლიანი ბრძოლა). პირველ სტატიაში, მოკლედ შევეხები, თუ რას წარმოადგენს სეიბუკაის საბრძოლო ხელოვნება – ეს არის იდეალი, რომლისკენ ჩვენ ასე ვესწრაფით.

იაპონიაში ძველთაგანვე არსებობდა „ბუშიდო“ – სამურაის კოდექსი. იგი თავიდან მოიცავდა მხოლოდ პრაქტიკულ, საბრძოლო ელემენტებს და მხოლოდ შემდგომ განვითარდა, როგორც ღრმა სულიერი სწავლება, რომელიც გადმოცემულია მიამოტო მუსაშის „გორინ ნო შო“-ში (ხუთი ბეჭედი). ამ ტრაქტატში ძირითადად ნათქვამია, რომ „საბრძოლო ხელოვნება არის ცხოვრების წესი, რომელიც გაძლევს საშუალებას შეიცნო სამყაროს დაფარული ჭეშმარიტება“. მიუხედავად ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საბრძოლო ხელოვნების მიზანი ყოველთვის პრაქტიკულია. ადამიანთა შორის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისას იგი არის საუკეთესო საშუალება გამარჯვებისა. გაიმარჯვო – ნიშნავს ცოცხლად დარჩე, შესაბამისად დამარცხება ნიშნავს სიკვდილს. ამიტომ კარატე შეიძლება განვიხილოთ, როგორც ცოცხლად დარჩენის ხელოვნება, ანუ ხელოვნება, რომელსაც მთელი სიცოცხლე უნდა მიუძღვნა; და აქ ასაკი არ წარმოადგენს დაბრკოლებას, ვინაიდან ნებისმიერი საბრძოლო ხელოვნება, აუცილებლად მოიცავს ფიზიკური ძალის შენარჩუნების მეთოდიკას და სხვა ენერგიის წყაროს განვითარებას ფიზიკური დაუძლურების საპირწონედ.

მე მსურს შევეხო კარატეში შეჯიბრის პრობლემას. შეჯიბრი ეს არის მეთოდი და არა თვითმიზანი. მე რასაკვირველია, არავითარ შემთხვევაში არ ვუარყოფ შეჯიბრებებს, მაგრამ მეჩვენება, რომ თანამედროვე კარატეში, მას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ორიენტაცია დიდ ჩემპიონატებზე – ეს ამჟამად მთელი მიმართულებაა. როცა კარატეს განვიხილავთ, როგორც სპორტის სახეობა და არა საბრძოლო ხელოვნება, შეჯიბრი პირველ პლანზე გადმოვა. ეს კი, არღვევს საბრძოლო ხელოვნების მთლიანობის ბალანსს, და მე ვშიშობ, რომ არის საშიშროება იგი დაზარალდეს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაწყობთ იაპონიის ჩემპიონატებს, როგორც ბავშვთა, ასევე დიდებს შორის, რადგან მათთვის ეს არის სერიოზული სტიმული, რათა გააგრძელონ ვარჯიშები.

პირადად მე მიმაჩნია, რომ ახალგაზრდობისას, როდესაც ძალა საკმარისზე მეტი გაქვს, კარგია, როცა ვარჯიშების უახლოეს მიზანს წარმოადგენს შეჯიბრში მონაწილეობა. შეუძლებელია უარყო, რომ სიცოცხლის ამ ეტაპზე შეჯიბრებაზე გასვლა ძალიან სასარგებლოა, რადგან იგი არის საშუალება შეაფასო საკუთარი თავის შესაძლებლობები. მაგრამ, თუ ჩვენ შემოვიფარგლებით, მხოლოდ შეჯიბრში მონაწილეობისათვის მოსამზადებელი ვარჯიშებით, სადაც წესები მკაცრად არის განსაზღვრული, ამით ჩვენ ვშორდებით საბრძოლო ხელოვნების საწყისებს. ეს გარკვეულ ზიანს აყენებს კარატეს, როგორც მის ტექნიკას, ისე სულიერების შემადგენელ ნაწილს. ამის შედეგად ჭეშმარიტი ტრადიცია იკარგება და წარმოიშვება ახალი, რაღაც სიყალბე, რომელსაც არაფერია აქვს საერთო ჭეშმარიტ ტრადიციასთან. ეს არის საბრძოლო ტექნიკა, რომელიც ასე უხვად  დემონსტრირდება, წესებით შებოჭილ, კარატეს შეჯიბრების დროს, საბოლოო ჯამში ხდება სტანდარტული და გაყინული. ნამდვილ კარატეში, კი არის უკან შემოტრიალებაც, დარტყმების აცილებაც, მტკივნეული ილეთების გამოყენებაც, შებოჭვაც და ა.შ. შეუძლებელია ყველა ილეთი ჩამოთვალო, რადგან კარატეს ილეთები უთვალავია. ამიტომ არ არის საკმარისი ილეთების გარკვეული ნაწილი შეისწავლო და ამით დაკმაყოფილდე. ამასთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სულიერების გარეშე არ არსებობს ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნება.

დაინახო ის, რაც არ ჩანს 

სეიბუკაიში, როდესაც ვლაპარაკობთ კარატეს სულიერებაზე, ვიყენებთ გამონათქვამებს „გაიგონო ის, რაც არ ისმის“, „დაინახო ის, რაც არ ჩანს“, „შეიგრძნო ის, რისი შეგრძნება შეუძლებელია“. სამყაროს ჭეშმარიტების შეცნობა სიტყვებს მიღმა დამალული ჭეშმარიტების წვდომით მიიღწევა.

შესაძლოა წარმოვიდგინოთ, რომ სკულპტურს, მთლიანი ხისგან რაიმე ნივთის გამოთლის დროს, ხის უმეტეს ნაწილი გამოუყენებელი რჩება და ნაფოტებად იყრება. იგივე პრინციპია კარატეს კატაში. იმის გარდა, რაც თვალსაჩინოა, კატაში არის დაფარული, განუხორციელებელი საიდუმლო, რომელიც არ არის გამოვლენილი. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, ძველი მასწავლებლების სულიერ მდომარეობაზე, რომელთაც შექმნეს კატები. მე მსურს, რომ თქვენ სწორად გაიგოთ, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიგრძნო და გააცნობიერო, როგორც იაპონელმა – ეძებო უსაზღვრო აზრი, ვითომდა არასაჭირო და გამოუყენებელში, ამისთვის საჭიროა დანახვა, გაგება და შეგრძნება არა ორგანოებით, არამედ გულით და სულით შეიგრძნო ჭეშმარიტი არსი ცნობიერებისა. ამაზე არის დაფუძნებული ბუშიდოს კულტურაც, რომელიც თავის საწყის იღებს კამაკურას  ეპოქიდან (მე-12 საუკუნე). იმ დროიდან მოყოლებული სამურაებმა დაიწყეს თავისი ქცევს და მორალის კოდექსის შექმნა. მათი მორალური ნორმები – „ნინ“ – მოწყალება, ლმობიერება, „გი“ – მოვალეობა, „რეი“ – თავაზიანობა, ზრდილობა, რომ არაფერი ვთქვათ „მეიო“ – ღირსება და „ჰაჯი“ – სირცხვილი, რაც ახლაც იაპონელთა სულიერი ცხოვრების საფუძველს წარმოადგენს.

 ენერგიის გადაცემის სისტემის ჩამოყალიბება 

სეიბუკაის სკოლისათვის დამახასიათებელია წვრთნები, რომელიც ავარჯიშებს შეგრძნებას, გადასცე საკუთარი ენერგია მოწინააღმდეგეს, თავისებური კონტაქტის მეშვეობით. აქ ძალიან მნიშვნელოვანია სხეულის ღერძის გაგება „ტაიჯიკუ“, აგრეთვე სხეულის, როგორც ერთი მთლიანი „ტოიცუტაი“. ამ ელემენტებით სისტემის შექმნის შემდგომ ვქმნით ენერგიის გადაცემის სისტემას, მოქნილსა და ძლიერს. ამრიგად, მარტივი ხდება რთული, გარეგანი – შინაგანი, ხოლო რაოდენობრივი გადადის თვისობრივზე. ეს არის ნამდვილი საბრძოლო ხელოვნების საიდუმლო, რომელიც წინ აღუდგება, ასაკის მატებისას, ფიზიკური ძალის შემცირებას.

 

ისევ დავუბრუნდებით შეკითხვას, თუ როგორ უნდა განვსაზღვროთ საბრძოლო ხელოვნება. მაგალითად, ისინი, ვინც ვარჯიშობენ სპორტულ კარატეში, უსათუოდ მიიჩევან მას საბრძოლო ხელოვნებად. საკმარისია ჩაიცვა კიმონო და ცოტაოდენ წაივარჯიშო იმავე პრინციპით, რაც სპორტის სხვადასხვა სახეობაშია – შენ მიგაჩნია, რომ უკვე ფლობ საბრძოლო ხელოვნებას. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სიტყვაში კეიკო (ვარჯიში) არის იეროგლიფი ფურუი (ძველი). ამიტომ ვარჯიში – ეს არის შეისწავლო უძველესი, ის რაც იყო ჩვენამდე. ნათელია, რომ თუ განსხვავდება დასაწყისი (შესწავლისადმი მიდგომა), მაშინ განსხვავება იქნება დასასრულისას (რეზულტატი, შედეგი). ამიტომ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, იმ უნიკალურ ხედვაზე ნივთების  მიმართ, რომელიც დამახასიათებელია საბრძოლო ხელოვნებისათვის.

ადამიანი, რომელიც ვარჯიშობს სპორტულ კარატეში, რომელიც არის ორიენტირებული შეჯიბრებებზე, გარკვეული პერიოდის შემდგომ, როცა იგი ამოწურავს თავის თავს ე.ი. ვერ იმარჯვებს, თვლის, რომ მიაღწია ფიზიკური ძალის ზღარს და ამიტომ უნდა წავიდეს სპორტიდან. ადამიანებისათვის, რომლებიც სწავლობენ კარატეს, როგორც საბრძოლო ხელოვნებას, ეს ტიპიური სურათი იწვევს უდიდეს სინანულს.

შეჯიბრებებში გამარჯვებისათვის აუცილებელი პირობაა ფიზიკური მონაცემები, ძალა და ახალგაზრდობა. სეიბუკაი კარატეში ვარჯიშები გრძელდება მას მერეც, როცა ფიზიკური განვითარების პიკს გადავცდებით – 40, 50, 60 წლის ასაკშიც. ვარჯიშები გრძელდება მთელი სიცოცხლის მანძილზე. მავანი იკითხავს, რა კარატეა ასეთი, სადაც შეიძლება ვარჯიში 40 და 50 წლის ასაკში. მე მათ ვუპასუხებ, რომ ამ ასაკში გამარჯვება მიიღწევა არა ფიზიკური ძალის, არამედ ოსტატობის ხარჯზე, რომელიც გაძლევს საშუალებას სრულად აკონტროლო მოწინააღმდეგე. ამას „გო ნო სანჩინჰო“ ეწოდება.

ამის გარდა, სანჩინ კატას ხანგრძლივი ვარჯიშის შედეგად იქმნება ენერგიის გადაცემის განსაკუთრებული სისტემა, როდესაც კუნთების ძალა აღარ არის ისეთი, როგორც ადრე იყო, ასპარეზზე გამოდის მასსზე უმჯობესი ძალა (ამ ვარჯიშებზე დაწვრილებით შემდგომ სტატიებში ვისაუბრებთ). არსებობს სხვადსხვა კატას ვარჯიშების ფართო სპექტრი, სანჩინ კატადან, რომელიც ავითარებს ძალას, ტენშო კატამდე, რომელიც ავითარებს მოქნილობას, და ამ კატების ვარჯიშები ავითარებენ ახალ ძალას, რომელსაც ვერ შეედრება კუნთების ძალა. ახალგაზრდობისას ადამიანი, ძირითადად კუნთის ძალის იმედად არის, მაგრამ მოქნილობის განვითარების წყალობით, შესაძლებელია ილეთების გამოყენება, რომელიც არ საჭიროებენ კუნთების ძალას. აქ უკვე ასაკს აღარ აქვს მნიშვნელობა. ეს დახელოვნებული ხელოსნის ტექნიკას ჰგავს. ხელოსნები 40-დან 60 წლამდე, სხეულისა და ხელსაწყო იარაღების გამოყენებაში, ასაკის დაგროვებასთან ერთად გაცილებით უფრო დახელოვნებულნი არიან, ვიდრე 40 წლამდე. იაპონიაში რაიმეში დახელოვნებას „ილეთის დაღვინება“-ს უწოდებენ. კარატეში, როგორც საბრძოლო ხელოვნებაში დახელოვნებაც ხელოსანთა ხელობის დახვეწის ანალოგიურია. ხელობასა და საბრძოლო ტექნიკას მეორე იეროგლიფი ერთი და იგივე აქვთ.

თავდაცვა და ზრუნვა, სულის და სხეულის ვარჯიში

„გოშინიოუჯო, სიემეისოშუ“

სეიბუკაის სკოლის კიდევ ერთ თავისებრებას წარმოადგენს „თავდაცვა და ზრუნვა“. ძირითადად თავდაცვას გებულობენ, როგორც დაცვას აგრესიისგან. სეიბუკაიში კი, მთავარია, თავდაცვა სხვადასხვა

ავადმყოფობისგან. თავდაცვის საფუძველს წარმოადგენს ავადმყოფობის მიმართ გამძლეობა, მაგრამ, თუ მაინც შეგეყრება ავადმყოფობა, სწრაფად გამოჯანმრთელდე. კარატეში ვარჯიშის დროს ხდება  ავადმყოფობების მიმართ გამძლე ორგანიზმის ჩამოყალიბება. სხეულის მართვის პრინციპების ძირეული შეცვლა და ძლიერი სხეულის შექმნა „გოშინ“-ის უპირველესი მნიშვნელობაა, ხოლო ძალადობისაგან თავდაცვა მეორეხარისხოვანი რამ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, საკუთარი სასიცოცხლო ენერგიის მაქსიმალურად გაძლიერება და მისი აქტიური ჩართვა სხეულის გაკაჟების ქმედებებში. ყოველივე ამას „გოშინიოუჯო“ ეწოდება.

ორგანიზმის წვრთნის მთავარი არსი არის ტანდენის (ჭიპს ქვემოთ მუცლის არე) ენერგიის ამაღლება. სანჩინის (სუნთქვის ვარჯიშების) მეშვეობით ტანდენის სისხლით მომარაგება ძლიერდება. როგორც ცნობილია, სისხლის მიმოქცევა ადამიანის სასიცოცხლო ენერგიას წარმოადგენს. სანჩინის რეგულარული ვარჯიშებით შესაძლებელია შეანელო სხეულის დაბერება და საკმაოდ გააძლიერო შენი სხეული. სანჩინის ვარჯიშების მეშვეობით, არამხოლოდ იძენ ფიზიკურ ძალას, არამედ ავლენ „დაცვას და ზრუნვას“ საკუთარი სხეულის მიმართ.

სანჩინის მეშვეობით ჩამოყალიბებული სხეული, არავითარ, პირდაპირ კავშირში არაა საწყის ფიზიკურ მონაცემებთან. ეს სხეული იქმნება თანდათან, რეგულარული ვარჯიშების პროცესში და არ არის დამოკიდებული, არც ასაკთან და არც ინდივიდუალურ ფიზიკურ თავისებურებებთან. რაღაც მომენტში ხვდები, რომ საგრძნობი უპირატესობა გააჩნია იმას, ვინც ვარჯიშობს მუდმივად და სტაბილურად. მათ უმაღლდებათ ოსტატობის ხარისხი და იძენენ უდიდეს ფიზიკურ ძალას.

დავუბრუნდეთ თემას საბრძოლო ხელოვნების იდეალის შესახებ. როგორც უკვე ავღნიშნე „საბრძოლო ხელოვნება არის ცხოვრების წესი, რომელიც გაძლევს საშუალებას შეიცნო სამყაროს დაფარული ჭეშმარიტება“. ასეთი ცხოვრების წესი, უპირველესად გულისხმობს ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობას. საბრძოლო ხელოვნების ვარჯიშები, აყალიბებს ადამიანს, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქიკურად.

ძალისა და მოქნილობის შეთავსება

„გოჯუსოსეი“

სტატის ამ ნაწილში შევეცდები მოგითხროთ კარატეს ძირითადი ტექნიკის მუშაობის პრინციპების შესახებ. კატა „სანჩინ“, რომელიც გვასწავლის გამოვიყენოთ მთელი სხეული, როგორც ერთი მთლიანი. „სანკაკუჰოდო“, რომელიც გამოიყენება იმისათვის, რომ აიცილო მოწინააღმდეგეს იერიში. კატა „ტენშო“, რომელიც ძალიან სასარგებლოა მოქნილობის განვითარებისათვის, აგრეთვე მტკივნეული ილეთები „გიაკუგი“ შებოჭვით და მუშაობა იარაღით.

ხანდახან გაიგებ, რომ კარატეში მტკივნეული ილეთები „გიაკუგი“ არ არის, მაგრამ ეს მთლად ასე არაა. კატაში დახელოვნებასთან ერთად თქვენთვის შესამჩნევი გახდება მრავალი „გიაკუგი“. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ისინი კატას ილეთებს თან ახლავს დაფარული სახით. საბრძოლო ხელოვნება ვერ იქნება სრულყოფილი შეიარაღებული ბრძოლის გარეშე.

ხანგრძლივი ვარჯიშების შემდგომ, როცა თქვენ აღმოაჩენთ, რომ სხეულის გარეთა მხარეს ქმნიდით და დადგა დრო დავიწყოთ მუშაობა შიგნითა მხარის შესაქმნელად.

ორგანიზმის გაკაჟებას რაც შეეხება, ყურადღება უნდა მიექცეს ვარჯიშის სისტემისა და სხეულის მოძრაობების ეფექტურობას, ენერგიის გადაცემის ფორმებს. მაგალითად, გრძელი ჯოხის (ბო) გამოყენებისას, ჯოხი წარმოადგენს ჩვენი ხელის გაგრძელებას. ჩვენი აზროვნება, თითქოსდა ვრცელდება ჯოხის მთელს სიგრძეზე და როდესაც ვეხებით ჯოხით მოწინააღმდეგეს, მისი საშუალებთ ვახდენთ ჩვენი ენერგიით ზემოქმედებას მის სხეულზე. აზროვნების წვრთნის მეშვეობით გონების კონცენტრაციას, მთელი სხეულის ჰარმონიული გაერთიანებისაკენ მივყავართ.

 

კარატეს, უმეტეს შემთხევაში დარტყმის „გო“ ხელოვნებად მიიჩნევენ. სეიბუკაის სკოლაში დარტყმის მიღებასაც „ჯუ“ დიდი ყურადღება ექცევა. „სანჩინი“-ს კატა „გო“-ს სიმბოლოა, ხოლო „ტენშო“-ს კატა კი „ჯუ“-ს სიმბოლო. „გო“ და „ჯუ“ უნდა წარმოვიდგინოთ არა, როგორც ერთმანეთის გამანადგურებელი დაპირისპირება, არამედ როგორც ერთმანეთის თავისებურებების შემავსებელი რამ და ამიტომ მოიაზრება, როგორც „გოჯუ“. სეიბუკაი კარატეს ძირეული პრინციპი „გოჯუ“-ს ურთიერთობაა. ტექნიკური თვალსაზრისით, რომ ვთქვათ, ის გავს ერთმანეთისაკენ მგორავი ბურთების პირდაპირ შეხებას. წრეს არ გააჩნია არც დასაწყისი და არც დასასრული. „გო“-ს და „ჯუ“-ს შემთხვევაშიც ასევეა. „გო“-ს დასაწყისი არის „ჯუ“-ს დასასრული და პირიქით „ჯუ“-ს დასაწყისი არის „გო“-ს დასასრული. ილეთში ეს გამოხატო და შექმნა სიტუაცია, სადაც არ არის დაპირისპირება – სეიბუკაის საბრძოლო ხელოვნების პრინციპია.

 

Comments are closed.