სტატია 4

„სანკაკუჰოკო“ - „მავარიკომი“ – მოწინააღმდეგესთან პირდაპირ შეტაკებისგან თავის არიდების ტექნიკა

იმისათვის რომ ვიცოდეთ რას წარმოადგენს „სანკაკუჰოკო“ (ილეთის სახელი – სამკუთხა ნაბიჯი, გადაადგილება) და „მავარიკომი“ (ილეთის სახელი), უპირველესად აუცილებელია გავიაზროთ რომ საბრძოლო ხელოვნებაში გადაადგილების ვარჯიშს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

გადაადგილების ვარჯიში ითვლება შესაფერის წრთვნად სხეულის ღერძის ფორმირებისა და სიმძიმის ცენტრის ფიქსირებისათვის. არქიტექტურას თუ შევადარებთ, ეს იგივეა რაც ფუნდამენტზე მუშაობა.

ძალის გამოყენებით დარტყმის განხორციელება გარკვეული დონის ვარჯიშების შემდეგ უკვე შესაძლებელია. ხოლო „ჯიკუ“-ს (სხეულის ღერძის) დაურღვევლად, სიმძიმის ცენტრის დაწევით ნელა გადაადგილება ერთი შეხედვით ადვილია, სინამდვილეში კი უაღრესად რთულ ვარჯიშებს მოითხოვს.

ამ ვარჯიშის სისტემატური გამეორებით სხეულის ქვედა და ზედა ნაწილები ჰარმონიაში მოდის და მორიგი მოძრაობის შესრულებისას დიდი ძალა წარმოიქმნება. ეს ძალა კი გამოცდილების პროპორციულად იზრდება.

იაპონიაში ახლო წარსულში ჯდომის კულტურას მნიშვნელოვანი როლი ეკავა. თანამედროვე ცხოვრების სტილს თუ შევხედავთ, საკვების მიღებისას გამოიყენება სკამი და მაგიდა, ძილის დროს კი ძირს დასაგები ლეიბი საწოლმა შეცვალა. წინ აზიდული ნიკაპით და გამართული ზურგით ჯდომის დროს სიმძიმის ცენტრი „ტანდენ“-ში (მუცლის ქვედა ნაწილი) გადაინაცვლებს და იქმნება სხეულის ღერძი. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ წინაპრებთან შედარებით თანამედროვე ადამიანს შესუსტებული აქვს სხეულის ქვედა ნაწილის, „ტანდენ“-ის აღქმის უნარი. ამიტომ აუცილებელია გავიაზროთ გადაადგილებითი ვარჯიშის მნიშვნელობა და პრაქტიკაში გამოვიყენოთ ის.

 

„ტრაქტატი ტექნიკის შესახებ რომლითაც აბსოლუტური სიძლიერის ათვისებაა შესაძლებელი“

„სეიბუკაი“-ში „კიჰონ“-ის (ძირითადი), „იდო“-ს (გადაადგილება) და „კატა“-ს (ფორმა) ვარჯიშების ეტაპობრივად გავლის შედეგად იწრთობა სხეული. „კიჰონ“-ის ვარჯიშებს აგრძელებს „იდო“, „იდო“-ს ვარჯიშების გაგრძელებაა „კატა“. საბრძოლო ხელოვნებისთვის აუცილებელ სხეულის გამოყენების წესს სწორედ ამ ზემოთხსენებული ვარჯიშებით ვეუფლებით. განსაკუთრებით „კატა“-ს ვარჯიშებია მნიშვნელოვანი, რომლის დროსაც წარმოსახვით მოწინააღმდეგესთან ილეთების გამოყენებით ვვარჯიშობთ.

„კატა“-ს წარმოშობის უკან რეალური ბრძოლა დგას.  შეიძლება ითქვას, რომ „კატა“-ში კონცენტრირებულია იმ წინაპართა სიბრძნე, რომელთაც ნამდვილი ბრძოლები აქვთ გამოვლილი.

თუ მხოლოდ „კატა“-ს თანმიმდევრობას დავიმახსოვრებთ და ამით დავასრულებთ, ვერ შევიცნობთ მის მოძრაობებში დამალულ ტექნიკას. ანუ გამოვტოვებთ მის ძირითად აზრს. მაგრამ თუ შევძლებთ „კატა“-ს მოძრაობების მნიშვნელობის ჩაწვდომას და თან გავიაზრებთ ეს როგორც საბრძოლო ტექნიკა როგორ უნდა გამოვიყენოთ, სხეულის აზროვნებაც შეიცვლება.

რაც შეეხება „სანკაკუჰოკო“-ს (სამკუთხა ნაბიჯს), იგი შედის „სეიბუკაი“-ს შემდეგ ვარჯიშებში: „გეკისაიშო“, „საიჰა“ და „სეიენჩინ“. ამის გარდა ის, 45 გრადუს კუთხიანი „კიბადაჩი“-ს (ილეთი) სახით, შემადგენელი ნაწილია ვარჯიშთა სისტემისა. ზემოთქმულის მიხედვით კი გასაგებია საბრძოლო ტექნიკის თვალსაზრისით თუ რაოდენ  მნიშვნელოვანია  „სანკაკუჰოკო“.

„სანსენ“-ის (სამი ბრძოლა) დროს  ვასწორებთ თავს, სხეულს, ფეხებს და ვიღებთ ე. წ. სამ მართს, „სანკაკუჰოკო“ კი „სანსენ“-ის ერთერთი შემადგენელი ნაწილია. „სანსენ“ ეს არის მკლავის, სხეულისა და ნაბიჯის ცვლილება.

იმისთვის რომ შევიცნოთ „სანკაკუჰოკო“-ს ტექნიკის აუცილებლობა, პირველ რიგში ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ „ბუდო“ (რეალური ბრძოლა) და სპორტული ორთაბრძოლა.

სპორტულ ორთაბრძოლაში არსებობს წესები. დადგენილია დრო, წესების დამრღვევი მოქმედებები. მაგალითად არ შეიძლება სახეში დარტყმა, მართალია ეს ბრძოლის შეზღუდვაა, მაგრამ სამაგიეროდ ამგვარი წესებით იცავენ სხეულის ნაწილებს. თუ ეს ზედმეტად უშლის ხელს შეხვედრის შედეგის მიღებას, წესებში შემოაქვთ გამარჯვების მისაღწევი ქმედებების განსაზღვრა. შედეგად თავის მხრიდან წინ მომავალ მოძრაობებს იყენებენ, მოწინაარმდეგის დარტყმებს სხეულით აჩერებენ, და ამის მოთმენით უბრუნებენ მოწინააღმდეგეს შეტევას.

ერთი სიტყვით შეჯიბრში უპირატესობას აღწევს ის ვინც უფრო მოითმენს, ვისაც უფრო მეტი ღონე აქვს.

აგრეთვე, ასაკობრივი თვალსაზრისით, თუ შევხედავთ სპორტის ნებისმიერ სახეობაში, ადამიანი შედეგს აღწევს 20-30 წლის ასაკში, როცა სხეულის ღონე და სიჩქარე საკმარისად აქვს.

„ბუდო“-ში კი, მასში ჩადებული არსის და მიხედვით არ არსებობს ასეთი გაგება, როგორც წესების დარღვევა. სხეულის სიდიდეს, თუ ძალას მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია მოწინააღმდეგის შეტევის აცილება, სუსტ წერტილებში თავდასხმა, დარტყმა, წაქცევა, კონტროლი. აქ წესები არ არსებობს.

„ბუდო“-ში ბრძოლის შესრულების ოსტატობა პრაქტიკასა და გამოცდილებასთან ერთად ვითარდება.

„სეიბუკაი“-ს მთავარი აზრის მიხედვით ბრძოლის გზა მთელ ცხოვრებას მოიცავს და აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას რომ სიკვდილის მომენტისთვის აღწევენ სიძლიერის მწვერვალს. ოცდაათთან შედარებით ორმოცი, ორმოცდაათთან შედარებით კი სამოცი წლის ასაკში უფრო ძლიერები არიან. მიუხედავად იმისა რომ  ასაკის მატებასთან ერთად ღონე იკლებს, სამაგიეროდ წლების განმავლობაში ჩატარებული ვარჯიშებითა და წრთვნით იხვეწება საბრძოლო ტექნიკა, იმატებს ცოდნა და საბოლოოდ საერთო ძალაც იზრდება.

სპორტულ ორთაბრძოლისას, წესების მიხედვით, შეზღუდულ დროში, შედარებით უპირატესი ძალის გამოვლენა მოითხოვება, „ბუდო“-ში კი წესები არ არსებობს და მოითხოვება აბსოლუტური ძალა, რომლის გამომუშავებაზეც მთელი სიცოცხლეა საჭირო. ეს არის სპორტისა და „ბუდო“-ს უმთავრესი განსხვავება. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ როცა მიზანი სხვადასხვაა, მაშინ განსხვავდება ვარჯიშის მეთოდები და საშუალებებიც.

„მოწინააღმდეგი ძალის გაბათილება – მომგებიანი პოზიციის დაკავება

პატარა და დიდი სხეულის მქონე მოწინააღმდეგენი თუ პირისპირ შეეტაკებიან ერთმანეთს, მოხდება მათი ძალისა და ამტანობის დაპირისპირება. ბუნებრივია გაიმარჯვებს ის, ვისი სხეულიც უფრო დიდია. თუმცა პატარა სხეულის ადამიანიც შეძლებს მოგებას, თუ პირისპირ კი არ შეხვდება არამედ გვერდიდან, ან უფრო უკეთესი, ზურგიდან მოუვლის და მოწინააღმდეგისთვის წამგებიან, თავისთვის კი მომგებიან პოზიციის დაიკავებს.

ნამდვილ ბრძოლაში ხშირად არის ისეთი სიტუაციები როცა ბასრი საგნებითა და იარაღით შეტევას უნდა გაუმკლავდე. ასეთ შეტევას, თუ მივიღებთ პირდაპირ სხეულით, სასიკვდილო ჭრილობა გარდაუვალი იქნება. საუკეთესო გამოსავალია მოწინააღმდეგის შეტევა თავიდან ავიცილოთ და სხეულზე შეხების საშუალება არ მივცეთ. 

მაგალითად არსებობს მიმღები ილეთი „მავაშიუკე“. მასში შედის ოთხი ილეთი: „სოტოუკე“, „გედანბარაი“, „ჯოდანუკე“ და „უჩიუკე“. ჩვეულებრივ როცა „სოტოუკეს“ ჩავატარებთ, ილეთის ცვლისას მოწინააღმდეგის იდაყვს ვაკონტროლებთ და მეორე ხელით შეტევას ვბლოკავთ. უბრალოდ შეტევის მიღება კი არა, იმავე დროს გადაადგილების მეთოდების გამოყენებით მოწინააღმდეგის წონასწორობის დარღვევა და მისი გაუძლურება არის „ბუდო“-ს ძირითადი არსის  შესაბამისი.

ზემოთქმულიდან გამომდინარე „ბუდო“, რომელშიც თავიდანვე არ არსებობდა წესები, მოწინააღმდეგის შეტევის რაციონალურად გადასაწყვეტად აუცილებელი გახდა შექმნილიყო „მავაშიუკეს“ მსგავსი ტექნიკა და „სანკაკუჰოკო“.

ტექნიკა, რომელიც მეტია ვიდრე უბრალოდ ძალთა დაპირისპირება

„პატარა აკონტროლებს დიდს“, ამას ხშირად ამბობენ „ბუდო“-ში და ეს სიტყვები ემთხვევა „სანკაკუჰოკო“-ს არსს. ჩვეულებრივ ითვლება რომ დიდი სხეულის ადამიანი  უფრო ძლიერია. მაგრამ „ბუდო“-ში ეს აუცილებლად ასე არ არის. მიზეზი ის არის რომ, „ბუდო“-ში თავდაპირველადვე მნიშვნელოვანი იყო არა ძალების დაპირისპირება, არამედ ის თუ როგორ გავაკონტროლებდით მოწინააღმდეგის ძალას. მაგალითად კონტრილეთის დროს მოწინააღმდეგემ ხელი დაგვიჭირა. აქ ძალას ვიკრებთ, თავს ვიცავთ, და  ვიღებთ ისევ და ისევ ძალთა შეჯახების მდგომარეობას. ეს მდგომარეობა მომგებიანია ძლიერი მებრძოლისთვის. მაგრამ დაჭერისას დიდ ძალას არ უნდა შევეწინააღმდეგოთ, „სანკაკუჰოკოთი“ მოწინააღმდეგის გვერდიდან მოვუვლით და ჩვენზე დიდიც რომ იყოს იგი, სხეულის ღერძისა და სიმძიმის ცენტრის დარღვევით უკვე მცირე ძალით შევძლებთ მის დამარცხებას. 

აგრეთვე პოზიციის დაკავებიდან გადავდივართ „ნაგევაძა“-სა და „გიაკუნაგე“-ზე (სროლითი ილეთები). სწორედ ილეთის მეშვეობით და არა ძალით, თუ არ გავაკონტოლებთ მოწინააღმდეგეს, მაშინ ეს ტექნიკა საბრძოლო ხელოვნებად ვერ ჩაითვლება.

ბრძოლაში რომელსაც სპორტული შეჯიბრის სახე აქვს „საკაკუჰოკო“-ს გამოიყენებენ „მავარიკომი“-ს ფორმით. კარატეს შეჯიბრში შეტევა – თავდაცვისას „მავარიკომი“-ს ტექნიკა ყველაზე ეფექტურია. მისი მეშვეობით მოწინააღმდეგეს სხეულთან მოკარების საშუალებას არ ვაძლევთ და მის შეტევას ვბლოკავთ. 

მოწინააღმდეგეს არა პირისპირ არამედ გვერდიდან თუ მივუდგებით, მისი სუსტი წერტილები ჩვენთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდება. ამ ილეთს თუ დევეუფლებით, მოწინააღმდეგე რაც არ უნდა დიდი და ძლიერი იყოს, მასთან გამკლავებას შევძლებთ. პირიქით მოწინააღმდეგე რაც უფრო მეტ ძალას დახარჯავს, ჩვენ ყოველგვარი ზიანის გარეშე დავასრულებთ ბრძოლას და იმ მნიშვნელობითაც რომ მოწინააღმდეგე სრულად დახარჯავს თავის ძალას, ჩვენ კი შემოვინახავთ საკუთარს, შესაძლებელია თქვენზე ძლიერ მებრძოლზე გაიმარჯვოთ. აქ ჩადებულია „წრიული მოძრაობა“, რომელიც „სეიბუკაი“-ს ძირითადი აზრის ფუნდამენტად გვევლინება. მოწინააღმდეგის შეტევისას თუ იმავე მდგომარეობაში დავრჩებით და თან პირისპირ შევხვდებით მას, მაშინ გამარჯვებაც იმის მხარეზე იქნება ვინც უფრო დიდი და ძლიერია.

ჩვენ სრულიად სხვა დონეზე რომ შევძლოთ ბრძოლა, ვეუფლებით „მავარიკომის“ ტექნიკას. ბრძოლის დროს სწრაფად გადავაადგილდებით წრეზე, ისეთ ადგილას, სადაც მოწინააღმდეგის შეტევას შედეგი არ ექნება, ჩვენთვის კი მომგებიანი იქნება.  

წრე შედგება ცენტრისგან და გარეთა წრეწირისგან. „მავარიკომი“-ს ტექნიკის მიხედვით, მოწინააღმდეგე ცენტრშია, ჩვენ კი გარეთა წრეზე ვმოძრაობთ. აქედან გამომდინარე ილეთი ეფექტურად ჩაითვლება, თუ მოწინააღმდეგისგან ახლო წრეზე ვიტრიალებთ და არა მოშორებით. ეს იმიტომ, რომ, რადგან მოწინააღმდეგე წრის შიგნით არის, შესაძლებელია უფრო მცირე მოძრაობით გარეთ მყოფი ადამიანის ილეთს გამოყვეს. ამიტომ ამ ვარჯიშებში  მთავარი დავალებაა წრე თანდათან დავაპატარავოთ, რის შედეგადაც საგრძნობლად შეიზღუდება მოწინააღმდეგის საბრძოლო შესაძლებლობა.

ამითი ჩვენ ვვარჯიშობთ ხილული ილეთიდან უხილავზე გადასვლისათვის.

Comments are closed.