პრეზიდენტი

იუკიო ნიშიდა, საბრძოლო ხელოვნების დიდოსტატი, შავი ქამრის (მე-7 დანი) მფლობელი, დაიბადა 1949 წლის 26 აგვისტოს, დაამთავრა ტოკიოს უნივერსიტეტი, ისტორიკოსი, ფილოსოფოსი.

იუკიო ნიშიდა იყო მასუტატცუ ოიამას ერთერთი პირველი მოსწავლე. მან კიოკუშინ კარატეში ვარჯიში, მასუტაცუ ოიამას დოჯოში, 1964 წელს, 15 წლის ასაკში დაიწყო. ოიამას დოჯო, იმ დროს, კარატეს ერთი პატარა სკოლა იყო, სადაც დოჯოს აღსაზრდელების რიცხვი 40-მდე თუ იქნებოდა. იუკიო ნიშიდა თავიდანვე გამოირჩეოდა თავის თავდაბლობით და უბრალოებით. განსაკუთრებული ნიჭისა და მონდომების წყალობით, მან სულ მალე დაიმკვიდრა მოწინავე ადგილი დოჯოს მოსწავლეებს შორის. 1974 წელს, 25 წლის ასაკში ნიშიდამ სრულიად იაპონიის ტურნირში, მე-4 ადგილი დაიკავა და არჩეულ იქნა იაპონიის რვაკაციანი გუნდის ერთ-ერთი წევრად მსოფლიო პირველობაზე მონაწილეობის მისაღებად. სამწუხაროდ, ფეხის უმძიმესმა ტრამვამ არ მისცა საშუალება, უფრო მეტისთვის მიეღწია.

მასუტაცუ ოიამას და იუკიო ნიშიდას, როგორც მასწავლებელ-მოსწავლის დამოკიდებულება ღრმა და შინაარსიანი იყო. ოიამა სრულიად ენდობოდა მას. ერთ დღეს  ოიამამ დაუძახა ნიშიდას და უთხრა: „ხვალ აეროპორტში მოდი, სამი დღით მჭირდები“. ნიშიდა შეხვდა ოიამას აეროპორტში და გაჰყვა. გავიდა დრო და ოიამამ უთხრა ნიშიდას: „შენ ჩემი ჭეშმარიტი მოსწავლე ხარ, რადგან არც კი მკითხე, თუ სად მიმყავდი“.

ერთხელ, როდესაც ნიშიდა თან ახლდა მასუტაცუ ოიამას ქალაქ ასაკუსაში, მან ოიამას ცხვირსახოცი გაუწოდა ოფლის მოსაწმენდად. ოიამამ ოფლი მოიწმინდა და ცხვირსახოცი უკან დაუბრუნა, ნიშიდამ მიუგო: „გთხოვთ, დაიტოვეთ, თქვენთვის წამოვიღე“, რაზედაც ოიამამ უპასუხა: „ცხვირსახოცის ჩუქება განშორების ნიშანია, მე კი შენთან განშორებას არ ვისურვებდი“, და ამ სიტყვებით ცხვირსახოცი ნიშიდას დაუბრუნა.

მასუტაცუ ოიამას სიცოცხლეში, იუკიო ნიშიდა ხელმძღვანელობდა ერთერთ უდიდეს ფილიალს იაპონიაში, სადაც მან შექმნა დოჯოების უდიდესი ქსელი. იგი ყოველწლიურად ატარებდა თავისი ფილიალის ჩემპიონატს, რომელსაც ხშირად ესწრებოდა მასუტატცუ ოიამა. იგი დიდად აფასებდა თავისი მოსწავლის, იუკიო ნიშიდას მიერ ჩატარებული ჩემპიონატის დონეს, რომელიც მნიშვნელობით მეორე იყო სრულიად იაპონიის ღია ჩემპიონატის შემდეგ.

კიოკუშინ კარატეს დამფუძნებლის, მასუტაცუ ოიამას გარდაცვალების შემდეგ, „კარატეს საერთაშორისო ორგანიზაციის“ (IKO2) პრეზიდენტად აირჩიეს შიჰანი – იუკიო ნიშიდა, რომლის ხელმძღვანელობით ჩატარდა ორი მსოფლიო ჩემპიონატი (1995 და 1999 წწ.), მსოფლიო თასის გათამაშება (1997წ) და მრავალი იაპონიის ტურნირი, სადაც უმრავლეს შემთხვევაში მისი მოსწავლეები იმარჯვებდნენ.

1999 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის შემდგომ, IKO2-ის ფილიალების ხელმძღვანელების საერთო ყრილობაზე, იუკიო ნიშიდა იღებს გადაწყვეტლებას, საკუთარი სურვილით გადადგეს პრეზიდენტის თანამდებობიდან.

1999 წლის დეკემბერიდან, იუკიო ნიშიდა არის, მის მიერ დაარსებული „კიოკუშინ კარატე სეიბუკაის საერთაშორისო ბუდოს ორგანიზაციის“ პრეზიდენტი.

 

Comments are closed.